fbpx

იორკშირული ტერიერის მოვლა

პატარა და მგრძნობიარე იორკშირული ტერიერის (იორკში) ყოლა დიდი ბედნიერებაა, მათი ზომის და წონის გათვალისწინებით კი, მისი წაყვანა არცერთ სიტუაციაში პრობლემას არ შექმნის. თუმცა მის მოსავლელად მხოლოდ საკვების მიღება და სეირნობაა არაა საკმარისი. ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს მისი ჯანმთელობის და ხასიათის შესახებ, მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ მათ, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ჯანმრთელი და ბედნიერი გყავდეთ თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი.

ცოტა რამ მისი ხასიათის შესახებ: უმრავლესობა იორკი, საყვარელი და მომხიბვლელი გარეგნობის მიუხედავად, ფიცხი და აქტიურია, განსაკუთრებით მასზე გაცილებით დიდი ზომის ძაღლების მიმართ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი პატარა ძალიან მამაცი და გამბედავია, ის ასევე კარგი დარაჯი იქნებოდა, რადგან ძალიან უყვარს ყეფა. გარდა ყეფისა, ის ხშირად იღრინება შიშის დროს თავდაცვის მიზნით. ასევე იღრინება, ოღონდ ამ შემთხვევაში აგრესიის გამოსახატავად, თუ მისკენ მომავალ გამაღიზიანებელ ხმაურიან ბავშვებს დაინახავს, რომლებიც, ამ შემთხვევაში, დიდი ზომის ძაღლების კატეგორიას მიეკუთვნებიან.

იორკი ბავშვებისთვის შექმნილი ჯიში არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი და ის ვერასდროს დამეგობრდებიან, უბრალოდ აუცილებელია ბავშვს მასთან მოქცევა ვასწავლოთ, რომ არ აწვალოს და რაიმე არ დაუზიანოს, მის გარშემო უნდა იყოს სიმშვიდე და უნდა მოვეფეროთ ნაზად, რადგან მისთვის რამის ტკენა ძალიან მარტივია.

მათი სათუთი კანისა და ბეწვის მოვლისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის საკვების შერჩევა, რომელიც გაჯერებულია მისი ბეწვის ჯანმრთელი და მბზინვარე იერისთვის განკუთვნილი ვიტამინებით, და მოსანელებლად მარტივია. საჭიროა სწორ დროს სწორი რაოდენობის საკვების მიცემა, სასტიკად აკრძალულია ადამიანის საკვები და დიდი რაოდენობით წამახალისებელი სნექები. იორკი, როგორც სხვა ძაღლები, შეიძლება იყოს მსუნაგი, მაგრამ მისი პაწაწინა და სათუთი კუჭი ხომ ძალიან მალე ივსება, ამიტომ ნუ გადატვირთავთ მას და ისწავლეთ უარის თქმა მისივე ჯანმრთელობისთვის.

იორკის ჯიშის ძაღლებს ძირითადად, ორი ვარცხნილობა აქვთ – გრძელბეწვიანი და მოკლედ შეჭრილი. რა თქმა უნდა, გრძელბეწვიანი იორკის მოვლა ბევრად მეტ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, დაწყებული სპეციალური შამპუნით და სავარცხლით, დასრულებული ზეთებით მისი კანისა და ბეწვის ბზინვარებასა და სიჯანსაღისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბალბეწვიანი ვარცხნილობა აქვს, როგორც წესი, კვირაში ორჯერ მაინც ესაჭიროება ინტენსიური დავარცხნა და მოვლა, რათა მისმა ბეწვმა შეინარჩუნოს ჯანსაღი მდგომარეობა.

იორკისთვის ყოველი გასეირნება დიდი თავგადასავალია, მას უყვარს არე-მარეს შესწავლა, არის ძალიან აქტიური და ცნობისმოყვარე. მისი გაწვრთნა არ არის რთული, თუმცა ის არ მიეკუთვნება იმ ჯიშებს, რომელთა გაწვრთნა სახლის პირობებში იოლია. მისი ერთ ადგილას გაჩერება და ყურადღების კონცენტრირება ამ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება. სასტიკად აკრძალულია მათთან სიმკაცრის გამოყენება მათი სათუთი ხასიათიდან გამომდინარე, თუმცა, თუ მშვიდი და მომთმენი იქნებით, ყველაფერი გამოგივათ.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა