fbpx

შინაურ ცხოველთან თანაცხოვრება ბავშვისთვის სასარგებლოა!

ბავშვი და ძაღლი

ახალბედა მშობლების უმრავლესობას, რომლებმაც ბავშვთან ერთად ძაღლის ან კატის გაზრდაც გადაწყვიტეს, ამისთვის ძირითადად ემოციური მიზეზები ჰქონდათ – ხშირ შემთხვევაში, ისინი თვითონ იზრდებოდნენ ძაღლებთან ან კატებთან ერთად და სურთ, ეს სასიამოვნო ემოციები მათმა შვილებმაც განიცადონ. თუმცა, მათ არც კი იციან, რომ ემოციურ ჯანმრთელობასთან ერთად, ამით ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობასაც უწყობენ ხელს.

ალბერტას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ოჯახებში დაბადებულ ახალშობილებს, სადაც ბეწვიანი ცხოველები ცხოვრობენ, აქვთ სხვადასხვა ალერგიისა და ჭარბწონიანობის განვითარების გაცილებით ნაკლები რისკი, თუკი ისინი ცხოველებთან ერთად დაბადებიდანვე იზრდებიან. ამ ყველაფერს ორი ტიპის ბაქტერია იწვევს: რუმინოკოკი და ოსცილოსპირა. ეს ჯანმრთელი ბაქტერიები კატებისა და ძაღლების სხეულზე ცხოვრობენ, ჩახუტებისა და ალოკვის შედეგად კი ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას იწვევენ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გზით ვერ იღებენ დაბადებისთანავე საჭირო ბაქტერიებს.

კვლევის ფარგლებში 746 კანადელი ჩვილის ნაწლავის მიკრობული შემადგენლობა შეისწავლეს მათი სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში. მათ ნახევარს შინაური ცხოველები (უმრავლეს შემთხვევაში, ძაღლი) ჰყავდა ოჯახში ბავშვის დაბადებამდე, ან დაბადების შემდეგ. 8%-ს კი შინაური ცხოველი მხოლოდ პრენატალურ პერიოდში ჰყავდა. კვლევამ დაადგინა, იმ იმ ოჯახებშიც კი, სადაც შინაური ცხოველი მხოლოდ ბავშვსის დაბადებამდე ცხოვრობდა, მაინც მოქმედებდნენ სასარგებლო მიკრობები – ამ ოჯახებში დაბადებული ბავშვები არ იტანჯებიან ალერგიებით და აქვთ ჯანსაღი წონა.

გარდა ამისა, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახლში ცხოველის ყოლა ამცირებს დედისაგან B ჯგუფის სტრეპტოკოკის გადაცემის ალბათობას, რომელიც ზრდის ახალშობილებში პნევმონიის განვითარების რისკს და შესაძლოა ფატალური შედეგიც გამოიწვიოს.

მიუხედავად დიდი სარგებლობისა, ცხოველებთან თანაცხოვრება ბავშვებისთვის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, როგორებიცაა ნაკაწრების ან კბენის, ბეწვის გადაყლაპვისა და ფიზიკური ტრავმების მიღების რისკები და ა.შ. თუმცა, სარგებელი, რომელიც შინაურ ცხოველს ბავშვისთვის მოაქვს, რისკებთან შედარებით, გაცილებით დიდია. თანაც, ამ რისკების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ვეტერინართან ხშირი ვიზიტებისა და რეგულარული პროფესიონალური გრუმინგის შედეგად.

წყაროები:

Cdc.gov
Todaysparent.com

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა