გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები
I თავი. ზოგადი ნაწილი
1. წესის მიღების მიზანი და გავრცელების არეალი
1.1 წინამდებარე „გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები“ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად მბოჭავი ძალის მქონეა შპს „გრუმერისთვის“ და მომხმარებლისთვის, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით.
1.2 მომსახურების დაწყებისთანავე თქვენ ავტომატურად ხდებით წინამდებარე „გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობების“ მხარე და შესაბამისად თქვენზე სრული მოცულობით ვრცელდება მასში აღწერილი უფლებები, ვალდებულებები, აკრძალვები და პასუხისმგებლობები.
1.3 მომხმარებელი, მომსახურებით სარგებლობის დაწყებამდე ვალდებულია ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ტექსტს, რომელიც განთავსებულია “კომპანიის” ვებგვერდზე.
1.4 მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით, ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება და თანახმაა დაიცვას „გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები“.
2. ტერმინთა განმარტება
2.1 წინამდებარე „გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობებში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
● „წესები“ – „გრუმინგის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები“ – წინამდებარე სამართლებრივად მბოჭავი დოკუმენტი (ხელშეკრულება), რომელიც არეგულირებს „კომპანიის“ მიერ შემოთავაზებული მომსახურების მიღების წესებსა და პირობებს, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი, რომლის ტექსტიც ჩართულია ან შეიძლება მომავალში ჩართული იყოს წინამდებარე დოკუმენტში ბმულის სახით;
● „კომპანია“ – შპს „გრუმერი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404539834), რეგისტრირებულია და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას;
● „გრუმინგი“ – შინაური ცხოველის გაკრეჭვა, გამოპარსვა, ჰიგიენური დამუშავება და ყველა ის მომსახურება, რაც შედის „კომპანიის“ მომსახურების სფეროში;
● „მომსახურება“ – „კომპანიის“ მიერ წინამდებარე „წესების“ საფუძველზე „მომხმარებლის“ სასარგებლოდ გასაწევი/გაწეული მომსახურება, რომლის საჯარო შეთავაზებასაც „კომპანია“ ახდენს და რომელიც მოიცავს „გრუმინგის“ მომსახურებას, რომლის შეკვეთასაც ახდენს „მომხმარებელი“;
● „გრუმერი“ – ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი შეკვეთის მიღების შემთხვევაში ახორციელებს შინაური ცხოველის გრუმინგის მომსახურებას;
● “მენეჯერი”- ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს “მომსახურების” სრულ ადმინისტრირებას, მათ შორის შეკვეთის მიღებას, “მომხმარებელთან” კომუნიკაციას, ფილიალის მართვა/ხელმძღვანელობას;
● „მომხმარებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირი, როგორც წესი შინაური ცხოველის მეპატრონე, რომელიც წინამდებარე „წესებით“ გათვალისწინებული წესით უკვეთავს „კომპანიას“ სასურველ მომსახურებას, ანაზღაურებს მომსახურების ღირებულებას, ცვლის ან აუქმებს შეკვეთას;
● „ცხოველი“ – შინაური ცხოველი (ძაღლი, კატა და სხვა), რომელიც წარმოადგენს მომსახურების გაწევის ობიექტს;
● „შეკვეთა“ – „მომხმარებლის“ მიერ გაკეთებული კონკრეტული ოფერტი „კომპანიის“ „მომსახურების“ მიღების შესახებ;
● „მომსახურების საფასური“ – თანხა, რომელსაც „მომხმარებელი“ უხდის „კომპანიას“ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული „მომსახურების“ სანაცვლოდ.
3. განცხადებები და გარანტიები
3.1 წინამდებარე „წესებზე“ თანხმობით „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ:
3.1.1 „კომპანია“ წარმოადგენს „მომსახურებების“ შემთავაზებელ და გამწევ სუბიექტს, „მომსახურების“ „შეკვეთა“ ვებგვერდის ან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ხდება „მომხმარებლის“ მიერ.
3.1.2 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წინამდებარე „წესების“ არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.1.3 არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს „კომპანიის“ მხრიდან;
3.1.4 აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.1.5 გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
3.1.6 მის მიერ წარმოდგენილი ან წარმოსადგენი ყველა მონაცემი არის/იქნება ზუსტი;
3.1.7 მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
3.1.8 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული „კომპანიის“ მოტყუებისაკენ;
3.1.9 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე „წესებით“ ნაკისრ ვალდებულებებს;
3.1.10 თანახმაა, „კომპანიამ“ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
4. მხარეთა პასუხისმგებლობები
4.1 „მომხმარებელი“ ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე „წესების“ შესაბამისად და სრულად აგოს პასუხი მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2 „მომხმარებელი“ ვალდებულია, „კომპანიას“ მიაწოდოს „მოსმახურების“ მიღებასთან დაკავშირებული, სრული, ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, მათ შორის “ცხოველის” ჯანმრთელობის მდგომარეობის და ვაქცინაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „კომპანია“ უფლებამოსილია, უარი თქვას ან შეწყვიტოს მომსახურების გაწევა.
4.3 „მომხმარებელი“ ვალდებულია, მისი პირადი ინფორმაცია (პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და აშ) გადასცეს მხოლოდ “მენეჯერს”, ასევე მხოლოდ “მენეჯერისგან” მოითხოვოს “მომსახურების” მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4.4 “მომხმარებლის” მიერ “კომპანიის” უარყოფით კონტექტექსტში მოხსენიება, მათ შორის საჯარო სივრცეში ან სხვა ფორმით, “კომპანიის” მიერ ჩაითვლება რეპუტაციული ზიანის მიყენებად.
4.5 „მომხმარებელი“ „კომპანიის“ წინაშე წარმოშობილ ზიანზე, რომელიც, მათ შორის, მოიცავს პირდაპირ ზიანს, არაპირდაპირ ზიანს, შედეგობრივ ზიანს, რეპუტაციულ ზიანს და სხვა, პასუხს აგებს სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.6 „კომპანია“ ვალდებულია უზრუნველყოს ეფექტიანი, გამჭვირვალე და მაღალკვალიფიციური „მომსახურება“ და აიღოს პასუხისმგებლობა „მომსახურების“ ხარისხზე.
4.7 „კომპანია“ არ აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია, მათ შორის, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. „კომპანია“ პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც დადგა მისი განზრახი ქმედებით.
4.8 „კომპანია“ და „გრუმერი“ ერთმანეთს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე პასუხს აგებენ მათ შორის დადებული ხელშეკრულებისა (ზეპირი ან წერილობითი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დამუშავება
5.1 პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც „კომპანია“ მოიპოვებს „მომხმარებლებისგან“, მუშავდება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე „წესებით“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
5.2 „მომხმარებელი“ თანახმაა, რომ „კომპანია“ უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად და კანონმდებლობით ნებადართული მიზნებით, დაამუშავოს პერსონალური მონაცემები.
5.3 „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რაც მოცემულია წინამდებარე მუხლში დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპეტენტური ორგანოს მომართვის საფუძველზე (მაგ.: სასამართლოს ბრძანება, განჩინება და სხვა).
5.4 „მომხმარებელი“ თანახმაა, მიიღოს „სმს“ შეტყობინებები და ელექტრონული წერილები „კომპანიისგან“ მის მიერ მითითებულ მონაცემებზე (ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად.
5.5 „მომხმარებელი“ თანახმაა და უფლებას აძლევს „კომპანიას“ განახორციელოს „ცხოველის“ ფოტოს ან/და ვიდეოს გადაღება, „კომპანიამ“ გამოიყენოს ვებსაიტზე/სოციალურ მედიაში და ნებისმიერი მარკეტინგული მიზნებისთვის.
6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1 ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება „კომპანიის“ საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე „კომპანიის“ მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლონიშნებზე.
6.2 „კომპანიის“ საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
6.3 აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, „კომპანიის“ მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში), „კომპანიის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
II თავი. ცხოველის ჯანმრთელობა და სამედიცინო პირობები
7. „მომხმარებლის“ თანხმობა
7.1 „მომხმარებელი“ თანხმდება, რომ შეიძლება „გრუმინგის“ პროცედურას 3 საათზე მეტი დრო დასჭირდეს და ის იყოს სტრესული ზოგიერთი „ცხოველისთვის“, განსაკუთრებით დაუძლურებული, ხანდაზმული, ახალგაზრდა, ჭარბწონიანი ან სამედიცინო პრობლემების მქონე „ცხოველებისთვის“. პროცედურამ შეიძლება გამოავლინოს აქამდე უცნობი სამედიცინო პრობლემები, გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის გამოიწვიოს უკიდურესად მძიმე შედეგის დადგომა.
7.2 „მომხმარებელი“ თანხმდება, რომ “ცხოველის” ქცევითი თავისებურებებიდან გამომდინარე, „გრუმინგის“ პროცედურის დროს შესაძლებელია მან მიიღოს ფიზიკური დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომ “გრუმერი” ყოველ ღონეს ხმარობს აღნიშნულის გამოსარიცხად.
7.3 7.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში “კომპანია” განახორციელებს “ცხოველის” მკურნალობას მის მიერვე შერჩეულ ვეტერინართან, რის ხარჯებსაც გაწევს სრულად, ასევე “მომხმარებლის” მიერ არ მოხდება “მომსახურეფის საფასურის” გადახდა.
7.4 „კომპანია“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს გრუმინგის პროცედურა „ცხოველის“ საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
7.5 „მომხმარებელი“ თანახმაა, რომ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ „კომპანია“ რაიმე მიზეზით ჩათვლის საჭიროდ, ვეტერინარის დახმარებით გაუწიოს გადაუდებელი ვეტერინარული მკურნალობა, ამ შემთხვევაში ყველა სამედიცინო ხარჯი ეკისრება „მომხმარებელს“ (გარდა 7.3 პუნქტში განხილული შემთხვევისა).
8. ვაქცინაციები
8.1 „კომპანიის“ სერვისებით სარგებლობით, „მომხმარებლები“ ადასტურებენ, რომ მათი „ცხოველი“ ვაქცინირებულია ყოველწლიური ვაქცინაციით. არავაქცინირებულმა „ცხოველმა“ შესაძლოა საკუთარი თავი და სხვები რისკის ქვეშ დააყენოს.
8.2 „კომპანიამ“ შეიძლება მოითხოვოს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი და ვეტერინარული ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს „მომხმარებლის“ მიერ დაუყოვნებლივ მოწოდებული.
9. პარაზიტები
9.1 „კომპანია“ აცხადებს, რომ არის ტკიპების/რწყილებისგან თავისუფალი გარემო. თუ „მომხმარებლისთვის“ ცნობილია, რომ „ცხოველს“ აქვს პარაზიტული ინვაზია, „კომპანია“ ითხოვს, რომ „შეკვეთა“ გადაიგეგმოს იმ დროისთვის, როდესაც „ცხოველი“ გათავისუფლდება აღნიშნული ინვაზიისგან.
9.2 თუ „ცხოველს“ პარაზიტები აღმოაჩნდება, „კომპანია“ გამოიყენებს ანტიპარაზიტულ შამპუნს და ჩაატარებს დამატებით დეზინფექციას შენობასა და აღჭურვილობისთვის. შესაბამისი თანხა დაემატება „მომსახურების საფასურს“. ამასთან „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი ტკიპებით ან მისი მოცილებით გამოწვეულ ზიანზე.
10. აგრესიული “ცხოველები“
10.1 „მომხმარებელი“ ვალდებულია აცნობოს „კომპანიას“ ნებისმიერი მისთვის ცნობილი აგრესიული ქცევის შესახებ, რომელიც მის „ცხოველს“ შეიძლება ჰქონდეს სხვა „ცხოველების“ ან ადამიანების მიმართ.
10.2 მიუხედავად იმისა, რომ „კომპანია“ ემსახურება ნერვიული თვისებების მქონე „ცხოველებს“, „მომხმარებელი“ ვალდებულია „კომპანიას“ შეატყობინოს ნებისმიერი ასეთი ქცევის შესახებ, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები.
10.3 დამატებითი საფასური განისაზღვრება „კომპანიის“ მიერ, „ცხოველის“ ქცევის სიმძიმის და „მომსახურების“ პროცედურისთვის საჭირო დროის, უნარებისა და საჭირო აღჭურვილობის მიხედვით.
10.4 „ცხოველის“ მიერ „კომპანიის“ პერსონალის, სხვა „მომხმარებლების“ ან/და ქონების დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი“ პასუხისმგებელია ყველა მასთან დაკავშირებულ სამედიცინო ან/და ვეტერინარული მომსახურების საფასურის გადახდაზე, ასევე დაზიანებული ქონების, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე.
10.5 „კომპანია“ იტოვებს უფლებას უარი თქვას „მომსახურებაზე“, თუ არსებობს რისკი, რომ „ცხოველი“ შეიძლება გახდეს საფრთხე „კომპანიის“ პერსონალისთვის, სხვა „მომხმარებლებისა“ ან/და მათი „ცხოველებისთვის“, ფილიალში მყოფებისთვის.
10.6 იმ შემთხვევაში, თუ აგრესიული ქცევა გამოვლინდება „გრუმინგის“ პროცედურის დროს, პროცედურა შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს და „მომხმარებელს“ დაეკისროს სრული საფასური.
III თავი. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პირობები
11. ჩაწერის გრაფიკი
11.1 „კომპანია“ მუშაობს მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით, რათა უზრუნველყოს თქვენი „ცხოველის“ „გრუმინგის“ პროცედურის სრულყოფილად ჩატარება საჭირო დროით. შესაბამისად, „კომპანია“ თვლის, რომ „ცხოველს“ მოგვიყვანთ თქვენს მიერ წინასწარ შეთანხმებულ დროს.
11.2 15 წუთზე მეტხანს დაგვიანების შემთხვევაში “კომპანია” უფლებამოსილია უარი თქვას პროცედურაზე, რადგან პროცედურის დაჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი სტრესი და დაზიანება. იმ შემთხვევაში თუ “კომპანია” მიიღებს გადაწყვეტილებას ცხოველის პროცედურაზე დატოვების შესახებ, იგი უფლებამოსილია “მომხმარებელს” გადაახდევინოს დამატებითი საფასური.
12. შეკვეთის გაუქმება
12.1 „მომხმარებელი“ უფლებამოსილია შეთანხმებულ დროზე არაუგვიანეს 4 საათით ადრე, გააუქმოს „შეკვეთა“ „კომპანიასთან“ სატელეფონო კავშირის საშუალებით, აღნიშნულ ვადაში “მომსახურების” არ გაუქმების შემთხვევაში “კომპანია” მიანიჭებს “მომხმარებელს”არ გამოცხადების სტატუსს.
12.2 „კომპანია“ იტოვებს უფლებას, „მომხმარებლის“ 3-ჯერ შეთანხმებულ დროს არ გამოცხადების შემთხვევაში, შეუზღუდოს „მომსახურებით“ სარგებლობა.
12.3 „მომხმარებელი“ „შეკვეთას“ ვერ გააუქმებს, თუ „კომპანიამ“ „მომსახურება“ სრულად გასწია.
13. მომსახურების საფასური და გადახდა
13.1 „მომსახურების საფასური“ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
13.2 „მომსახურების საფასურის“ გადახდა ხდება „მომსახურების“ მიღების შემდეგ ან მანამდე, „მომხმარებლის“ სურვილის შესაბამისად, „მომხმარებელს“ შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს ნაღდი ფულით ან საბანკო ბარათით.
13.3 „მომსახურების საფასური“ არის ფიქსირებული კონკრეტულ მომსახურებაზე და ემყარება დაშვებას, რომ :
13.3.1 „ცხოველის“ ბეწვი მოვლილია, თავისუფალია კვანძებისგან და ჩახლართული თმისგან;
13.3.2 „ცხოველი“კარგად იქცევა, არ იჩენს აგრესიას;
13.3.3 „ცხოველი“ არ არის ჭარბი წონის ან ზედმეტად დიდი ზომის კონკრეტული ჯიშისთვის დადგენილ სტანდარტულ წონასთან/ზომასთან მიმართებით;
13.3.4 „ცხოველი“ ვაქცინირებულია;
13.3.5 „ცხოველს“ არ ჰყავს პარაზიტები.
13.4 დამატებითი საფასური განისაზღვრება „კომპანიის“ მიერ, „ცხოველის“ ქცევის სიმძიმის და „მომსახურების“ პროცედურისთვის საჭირო დროის, უნარებისა და საჭირო აღჭურვილობის მიხედვით.
13.5 დამატებითი საფასური შეიძლება დაწესდეს იმ შემთხვევაში თუ „ცხოველის“ მიზეზით პროცედურას დასჭირდა წინასწარ დადგენილზე მეტი დრო (მაგალითად „ცხოველის“ აგრესიულობა, ჭარბი წონა, დამატებითი დაბინძურება, პარაზიტები და ა.შ.).
13.6 დამატებითი საფასური შეიძლება დაწესდეს წინასწარ შეთანხმებულ დროზე 15 წუთზე მეტხანს დაგვიანების შემთხვევაში.
14. აქციები და ფასდაკლებები
14.1 „კომპანია“ უფლებამოსილია „მომხმარებლისთვის“ წინასწარი შეტყობინების ან დასაბუთების გარეშე ცალმხრივად დააწესოს და გააუქმოს პრომო აქციები თავისი შეხედულებისამებრ.
14.2 „მომხმარებლების“ წახალისების მიზნით „კომპანიამ“ შესაძლოა თავისი შეხედულებით გააკეთოს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებიც.
15. „მომსახურების“ შეფასება
15.1 „მომსახურების“ დასრულების შემდეგ „მომხმარებელი“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით „კომპანიისგან“ იღებს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს „მომსახურების“ შეფასების ფორმას.
15.2 „მომსახურება“ ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ვარსკლავით, სადაც 1 ნიშნავს „მომსახურების“ არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, ხოლო 5 – საუკეთესო ხარისხის „მომსახურებას“.
15.3 „მომხმარებელს“ საშუალება აქვს შეფასებასთან ერთად დატოვოს კომენტარი და განმარტოს ის კონკრეტული მიზეზები, რასაც მისი შეფასება ეფუძნება.
15.4 „დასტურის“ ღილაკის მონსიშვნის შემდეგ „მომხმარებელს“ არ შეუძლია შეცვალოს შეფასება ან/და განთავსებული კომენტარი.
16. ფორს-მაჟორი
16.1 წინამდებარე „წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს მხარეს თუ აღნიშნული გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით.
16.2 ფორს-მაჟორად მიიჩნევა ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რომლის წინასწარ განჭვრეტა ან თავიდან აცილება არ შეეძლო მხარეს გონივრული ზომების მიღებით. ფორს-მაჟორული გარემოებებია: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა ან/და სხვა სტიქიური უბედურება, ომი, სამხედრო მოქმედება, გაფიცვა, აჯანყება, სამთავრობო მოქმედებები ან სხვა მსგავი ვითარება/გარემოება.
16.3 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო, გათავისუფლდება ვალდებულებების შესრულებისაგან მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ფორს-მაჟორული გარემოება ხელს უშლის მის მიერ ვალდებულებების შესრულებას.
IV თავი. გარდამავალი დებულებები
17. სხვა დებულებანი
17.1 წინამდებარე „წესების“ საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველო.
17.2 წინამდებარე „წესების“ ნებისმიერი მუხლის ან მისი ნაწილის კანონის ძალით ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადება არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას/ბათილად ცნობას. ამასთან, მუხლის ან მისი ნაწილის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მხარეები ურთიერთობას მოაწესრიგებენ ბათილ დებულებასთან შინაარსობრივად ყველაზე ახლოს მდგომი ნამდვილი მოწესრიგებით.
17.3 წინამდებარე „წესების“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.4 წინამდებარე „წესებთან“ დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს. ამასთანავე, დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.
17.5 „მომხმარებლის“ მხრიდან რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, „კომპანია“ იტოვებს უფლებას მოითხოვოს რეპუტაციის შელახვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
18. ცვლილებების შეტანა
18.1 „კომპანია“ უფლებამოსილია პერიოდულად ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები და დამატებები „წესებში“.