მიუხედავად იმისა, გარეთ ცივა თუ ცხელა, მიწაზე სიარული სათანადო დაცვისა და მოვლის გარეშე, შესაძლოა თქვენი შინაური ცხოველისთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შინაური ცხოველის თათები ისეთივე რეგულარულ მოვლას საჭიროებს, როგორც თქვენი კანი, ტერფები და ხელები.
გრუმინგი მხოლოდ კანისა და ბეწვის მოვლას არ გულისხმობს – ეს თქვენი ცხოველის თათებსაც სჭირდება და არა მხოლოდ ექსტრემალური ამინდის დროს. სათანადოდ მოვლილი თათები თავიდან აგაცილებთ დაზიანებებსა და დისკომფორტს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ იზრუნოთ შინაური ცხოველის თათებზე:
ბრჭყალების დაჭრა
ძაღლის ბრჭყალები არ უნდა ეხებოდეს მიწას სიარულის დროს. თუკი სეირნობისას ფხაჭუნის ხმა გესმით, ეს იმის ნიშანია, რომ ბრჭყალების დაჭრის დროა. თუ ეს არასდროს გაგიკეთებიათ, მიმართეთ პროფესიონალ გრუმერს, რომელიც ამას უსაფრთხოდ გააკეთებს თქვენს ნაცვლად და რჩევებსაც მოგცემთ.
ტრიმინგი თათების ბალიშებს შორის
ბეწვი თათების ბალიშებს შორის ხშირად იხვევა, რაც საკმაოდ მტკივნეულია სიარულისას. პერიოდული ტრიმინგი აუცილებელია ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი ბალიშებს შორის მათ სიმაღლეს უნდა უტოლდებოდეს.
დატენიანება და მასაჟი
თქვენს ოთხფეხა მეგობარს კიდევ უფრო შეუყვარდებით, მის თათებს „სპა დღეს“ თუ აჩუქებთ. დატენიანებული თათები უფრო რბილი და ტრავმებისა და ნახეთქებისადმი ნაკლებად მიდრეკილია, ხოლო მასაჟით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
მუდმივად შეამოწმეთ თათები
პატარა კენჭები ან წვეტიანი ბალახები ხშირად ხდება თათების დისკომფორტისა და ზოგჯერ – ანთების მიზეზიც, თუკი დროულად არ მოხდება მათი აღმოჩენა და მოშორება. თუკი რეგულარულად შეამოწმებთ თქვენი ძაღლის თათებს, ამ პრობლემას თავიდან აირიდებთ.
სტატია მომზადებულია მელინდა ჯ. მეიფილდ-დევისის რჩევების მიხედვით, რომელსაც პრაქტიკოსი ვეტერინარის 20 წლიანი გამოცდილება, ორი შვილი, ოთხი ძაღლი და ექვსი ცხენი ჰყავს.