fbpx

3 ბრძანება, რომელიც ძაღლთან თანაცხოვრებას გაგიმარტივებთ

ძაღლთან-თანაცხოვრება

დაჯდომა

იმისათვის, რომ ძაღლისთვის ყველა ჭამის, ან სეირნობის წინა რამდენიმე წუთმა მშვიდად ჩაიაროს, სასურველია თუ მას დაჯდომის ბრძანებას მიაჩვევთ. ამისათვის, ძალიან მარტივად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი საკვები ან საყვარელი სასუსნავი. მიუტანეთ ის ცხვირთან, ნელ-ნელა გაწიეთ უკან და ამ დროს იმეორეთ „დაჯექი“. ძაღლი ავტომატურად იძულებული იქნება დაჯდეს, რათა უფრო მოხერხებულად მიწვდეს საკვებს. თუკი ამ სავარჯიშოს სისტემატიურად გაიმეორებთ, თქვენი ძაღლი საკვების გარეშეც მიეჩვევა დაჯდომას ბრძანების გაგონებისას, თუკი ხელის იმავე მოძრაობას შეასრულებთ.


ყეფის შეწყვეტა

ძაღლები ბავშვებივით არიან – ხშირად მათი მოთხოვნების შესრულებას გაბმული ყეფით გვაიძულებენ. საჭიროა, რომ თქვენი ძაღლი მიხვდეს – ყეფით ვერ შეძლებს თქვენს მანიპულირებას. ამისათვის, პირველ რიგში, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და მხოლოდ მას შემდეგ მიეცით საკვები, როდესაც დამშვიდდება. ყეფის დაწყებისას კი სცადეთ მისი ყურადღება თამაშზე გადაიტანოთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეწყვეტს ყეფას, დააჯილდოვეთ კარგი ქცევისთვის.

„ჩემთან!“

ამ ბრძანების ცოდნის გარეშე, ძალიან გაგიჭირდებათ ძაღლთან თანაცხოვრება. სასურველია მისი შესწავლა ისეთ გარემოში, სადაც ნაკლები გამაღიზიანებელი ფაქტორია, რათა ძაღლს ყურადღება არ გაეფანტოს. მოიმარაგეთ მისი საყვარელი სასუსნავი და დადექით მოშორებით, დაუძახეთ სახელი და გაუმეორეთ ბრძანება „ჩემთან“. მოსვლის შემთხვევაში, შეაქეთ და დააჯილდოვეთ საკვებით, რამდენიმე წამის გაჩერების შემდეგ. თუკი ის თქვენს ბძანებას არ ემორჩილება, გამოიყენეთ საბელი – მოსწიეთ თქვენკენ ბრძანების წარმოთქმისას, დააყოვნეთ რამდენიმე წამი და ამის შემდეგ შეაქეთ და დააჯილდოვეთ სასუსნავით. გახსოვდეთ, აუცილებელია იყოთ თანმიმდევრული და სავარჯიშო გაიმეოროთ რეგულარულად, რამდენიმე დღის განმავლობაში.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა