fbpx

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეიერვერკების დროს

ფეიერვერკების მორიგი სეზონის დადგომასთან ერთად, უფრო ხშირად გვხვდება ცნობები იმ ზიანის შესახებ, რასაც პიროტექნიკა გარემოს აყენებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენებას კანონი მკაცრად არეგულირებს, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე ფეიერვერკებისადმი საკმაოდ ლმობიერია. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ზიანდება. პანდემიის პირობებში, როდესაც საავადმყოფოები ისედაც დატვირთულია, ფეიერვერკების ერთი შეხედვით უწყინარი გამოყენება კიდევ უფრო ზრდის სამედიცინო პერსონალის დატვირთვას.

თუმცა, ამ სტატიაში შინაურ ცხოველებზე ვსაუბრობთ – ყოველწლიურად ჩნდება ანგარიშები ფეიერვერკების შედეგად ძაღლების სიკვდილიანობის შესახებ… ფეიერვერკების აკრძალვას მტკიცედ უჭერს მხარს ცხოველთა დაცვის არაერთი ორგანიზაციაც.

გარდა პირდაპირი სიკვდილიანობისა, ასევე გასათვალისწინებელია ის გართულებები, რაც ხმაურისგან გამოწვეულ სტრესს მოჰყვება შინაურ ცხოველებში. ძაღლები ხმაურს უფრთხიან – ეს მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად ზემოქმედებს და შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, გულის დაავადებები და იშვიათად, სიკვდილიც კი – განსაკუთრებით ლეკვებსა და დიდი ასაკის ძაღლებში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ფეიერვერკების დროს თქვენი შინაური ცხოველისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად?

  • მოუწყვეთ უსაფრთხო სივრცე, სადაც მინიმალურად აღწევს ხმაური – მაგალითად აბაზანაში, სადაც მასთან ერთად იქნებით ამ დროს.
  • გაასეირნეთ დაბნელებამდე – დარწმუნდით, რომ საკმარისად დაღლილია და ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებს.
  • დახურეთ ფანჯრები, დაფარეთ ისინი მუქი ფარდებით და ჩართეთ რადიო ან ტელევიზორი – ეს ხელს შეუწყობს გარედან გამოსული ხმების ჩახშობას.
  • შეეცადეთ იყოთ მშვიდად და დააჯილდოვეთ თქვენი ძაღლი მშვიდი ქცევისთვის – თუ თქვენ ინერვიულებთ, ისინიც ასე იქნებიან! არასოდეს დაისაჯოთ ძაღლი შიშის ნიშნების გამოხატვის გამო – თქვენ უბრალოდ დააბნევთ მათ და გააუარესებთ საქმეს.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევების გამოყენებით, დღესასწაულები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა