fbpx

ზაფხულის 5 ცხელი რჩევა ძაღლის პატრონებისთვის

ძაღლი-ზაფხულში

განურჩევლად ჯიშისა, ზაფხულში ყველა ძაღლს სცხელა – ზოგს უფრო მეტად, ზოგს -ნაკლებად. თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რაც ძაღლის ყველა პატრონმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ცხელი ამინდი მისი ოთხფეხა მეგობრისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.

წყალი და ჩრდილი

მოამარაგეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბეეეევრი წყლით და უზრუნველყავით მისთვის ჩრდილიანი ადგილი დასასვენებლად. ძაღლები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ ოფლიანობენ, წყლის სმა კი მათთვის გაგრილების ერთადერთი საშუალებაა. დარწმუნდით, რომ თქვენი ძაღლისთვის სუფთა წყალი ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი.

მწერები

ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდებიან საფრთხის შემცველი მწერები, მათ შორის ტკიპები და კოღოები. გასეირნების შემდეგ, ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ მოაშოროთ სწორად, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს. არასწორად ამოძრობამ შეიძლება თქვენს ძაღლს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ასეთი შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ Groom.ge-ში ტკიპების მოშორების სერვისი დავამატეთ. ნაკბენის შემთხვევაში, მიმართეთ ვეტერინარს პროფილაქტიკისთვის.

რეგულარული გრუმინგი

შეადგინეთ გრუმინგის განრიგი – ასე თავიდან აიცილებთ პარაზიტების მომრავლებას, რომლებიც ზაფხულში განსაკუთრებით ინტენსიურად იბუდებენ თქვენი ძაღლის ბეწვში. ხშირად ვარცხნეთ სპეციალური სავარცხლით და შეარჩიეთ ანტიპარაზიტული შამპუნი გრუმერთან ერთად. და ბოლოს, ვის არ ესიამოვნება გრილი შხაპი ზაფხულის ცხელ დღეს?

სეირნობის საათები

ეცადეთ ისეირნოთ და ითამაშოთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დილის და საღამოს საათებში. ასე აირიდებთ მისი სხეულის გადახურებას, რასაც „ბონუსად“ გულისრევა, დიარეა და სხვა პრობლემები მოჰყვება.

თათების მოვლა

ყურადღება მიაქციეთ თათების ჰიგიენას. ზაფხულში ძაღლები გარეთ მეტ დროს ატარებენ, შესაბამისად მეტია თათების დაზიანების რისკიც. თუკი თათებზე ბეწვი მუდამ მოწესრიგებული ექნება, თავიდან აირიდებთ ბალახის თუ სხვა უცხო სხეულის ჭრილობით გამოწვეულ ინფექციებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ბრჭყალებს – რეგულარულად მოვლის შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ მოტეხილობას, ჩაზრდას და ა.შ.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა