ძაღლი პატრონს გავს – ეს გამოთქმა ხშირად გაგვიგონია. მიუხედავად იმისა, იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას, აღმოჩნდა, რომ მეცნიერულად, ეს ნამდვილად ასეა.
იაპონელი მეცნიერი, პროფესორი სიდაჰიკო ნიკაჯამა, ამ საკითხზე 2009 წლიდან მუშაობს. მისი ბოლო კვლევა დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მსოფლიოს ისეთ წამყვან გამოცემებში დაიბეჭდა, როგორებიცაა Daily Mail, Slate და Huffington Post. ის, გარდა იმისა, რომ ამტკიცებს მოსაზრებას ძაღლისა და პატრონის მსგავსების შესახებ, ამ ფაქტის მიზეზსაც ხსნის.
თავდაპირველ ექსპერიმენტში, ნიკაჯამამ სთხოვა მონაწილეებს, ნაჩვენები ფოტოებიდან დაეწყვილებინათ ძაღლები თავიანთ პატრონებთან. მისი თქმით, მიღებული შედეგები არაფრით განსხვავდებოდა სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული მსგავსი კვლევებისაგან და უბრალოდ ამტკიცებდა, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ძაღლები ნამდვილად გავდნენ თავიანთ პატრონებს. პასუხებში სიზუსტის ალბათობა 50%-ზე ოდნავ მეტი იყო.
რადგან კვლევამ კონკრეტული შედეგი არ გამოიღო, ნიკაჯამამ გადაწყვიტა, ექსპერიმენტში გარკვეული ცვლილებები შეეტანა. ნაცვლად ჩვეულებრივი სურათებისა, მან მონაწილეებს დაურიგა ერთი და იმავე ფოტოს რამდენიმე ვარიანტი. მას სურდა დაედგინა სახის კონკრეტულად რა ნაწილი იწვევს ადამიანებში მსავსების შეგრძნებას.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ დაურიგდათ 2 ტიპის სურათები – ძაღლების და მათი პატრონების და უბრალოდ ძაღლების და ადამიანების, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. ორივე ტიპის სურათებში ერთ შემთხვევაში ორივე სახე მთლიანად ჩანდა, სხვა შემთხვევებში ადამიანის თვალები ან პირი იყო დაფარული, არ ჩანდა ძაღლის თვალები ან გამოსახული იყო როგორც ადამიანის, ასევე ძაღლის მხოლოდ თვალების არე.
ექსპერიმენტის მონაწილეებს ევალებოდათ დაეწყვილებინათ ძაღლები მათ პატრონებთან სხვადასხვა სახის სურათებიდან. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა – იმ ფოტოებიდან, სადაც ორივე სახე სრულად ჩანდა, 80% პასუხებისა ზუსტი იყო, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი თითქმის გაუთანაბრდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპს (53%), როდესაც სურათებზე ადამიანის ან ძაღლის თვალები იყო დაფარული.
ხოლო იმ სურათების შემთხვევაში, სადაც ჩანდა ადამიანებისა და ძაღლების მხოლოდ თვალების მიმდებარე არე, სიზუსტის ალბათობამ 74% შეადგინა! შედეგებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას, რომელი ძაღლი რომელ პატრონთანდ აეწყვილებინათ, იმის მხიედვით იღებდნენ, თუ რამდენად გავდა მათი თვალები და გამოხედვა ერთმანეთს.
მაგრამ კვლავ ამოუხსნელი რჩებოდა მიზეზი, თუ რა იწვევს ამ მსგავსებას ადამიანებსა და ძაღლებს შორის, რაზეც ნიკაჯამა ამბობს:“ადამიანები ძაღლებს სამეგობროდ იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რამდენად ახლობელი, ნაცნობი გამოხედვა აქვთ მათ.“