fbpx

როგორ მოვუაროთ ციმბირულ ჰასკის

ციმბირული ჰასკი ძალიან ჭკვიანი, ენერგიული და მეგობრულია. სწრაფი ადაპტაციის უნარის გამო, ჰასკებს თერაპიის დროსაც წარმატებით იყენებენ. უწყინარი ხასიათის ჰასკის ხშირად ირჩევენ ოჯახის მეგობრად. მათი მოვლა მარტივია, მაგრამ სქელი, ორმაგი ბეწვის საფარის გამო, განსაკუთრებით ბეწვის ცვლის დროს, რეგულარულ ვარცხნას და განსაკუთებულ ყურადღებას საჭიროებს.

თუ თქვენ ჰასკი გყავთ, მას აუცილებლად უნდა გამოუყოთ ადგილი დასაძინებლად და პატარაობიდანვე მიაჩვიოთ მას.

დღეში მინიმუმ ნახევარი საათით მაინც ისეირნეთ მასთან ერთად. მისთვის სირბილისა და თამაშისთვის დროის დათმობა აუცილებელია. სასურველია, ხშირად გაანებივროთ სათამაშოებით, რომლის დაღეჭვასაც შეძლებს და ზედმეტი ენერგიულობის გამო, არაფერს „გააფუჭებს“.

ხშირად უცვალეთ წყალი – ციმბირული ჰასკი, სხვა დიდი ტანის ძაღლების მსგავსად, ბევრ წყალს მოიხმარს, შესაბამისად ხშირად ამოწმეთ, აქვს თუ არა საკმარისი წყალი დარჩენილი და არის თუ არა ის სუფთა.

ყურადღება მიაქციეთ მის ყურებს, ეს ინფექციის დიაგნოსტირებაში დაგეხმარებათ. ყურების თვეში ერთხელ პროფესიონალური გაწმენდა მისთვის აუცილებელია.

ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჰასკის ბეწვს სისტემატური ვარცხნა და პროფესიონალური მოვლა ესაჭიროება. გრძელბეწვიანი ძაღლები წელიწადში ორჯერ სრულად იცვლიან ბეწვს. ზაფხულის ბეწვის მოშორება შემოდგომის დასაწყისში უნდა მოხდეს, პროფესიონალური „გამოვარცხნის“ შემდეგ, მას არასასურველი თმა სრულიად მოშორდება და ზამთარს ახალი ქურქით შეხვდება. გარდა პროფესიონალური მოვლისა, აუცილებელია ჰასკის სახლშიც, კვირაში ერთხელ მაინც დავარცხნოთ ბეწვი.

ჰასკი ცივ კლიმატში თავს კარგად გრძნობს. ეცადეთ ზაფხულში მოარიდოთ დიდხანს მზეში სეირნობას და მიცეთ საშუალება, რაც შეიძლება ხშირად იკონტაქტოს წყალთან.

პერიოდულად შეუმოწმეთ ბრჭყალები, და მიანდეთ მათი მოწესრიგება პროფესიონალ „გრუმერს“, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.

სასურველია, თქვენი ჰასკი ჰიგიენურ პროცედურებს პატარაობიდანვე მიაჩვიოთ, რადგან ეს გაუმარტივებს მას ახალ გარემოსთან შეჩვევას. მოსაზრება, რომ მათი ხშირი ბანაობა არ შეიძლება, მცდარია – „გრუმერთან“ ვიზიტებს შორის პერიოდი მათთვის, სეზონის მიუხედავად, 1.5 თვეს შეადგენს.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა