fbpx

როგორ მოვუაროთ კატის ბრჭყალებს

იცოდით, რომ კატის ბრჭყალები მის განვითარებაში უზარმაზარ როლს ასრულებს? გარდა თავდაცვისა და მსხვერპლის დაჭერისა, ბრჭყალებს სხვადასხვა სიმაღლეზე ასაძრომადაც იყენებენ.

თუ კატა უკვე გყავთ, შეამჩნევდით თუ რამდენ დროს ატარებს ის ყოველდღე სხვადასხvა ზედაპირის დაკაწვრაში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას თქვენი ავეჯის განადგურება სურს – ამ გზით თათების კუნთების ვარჯიში ხდება. გარდა ამისა, თითებს შორის არსებული ჯირკვლები ამ დროს ფერომონებს გამოყოფს, რითაც კატები ტერიტორიას „ნიშნავენ“.

როდესაც კატა კაწვრის პროცესშია, თითქმის შეუძლებელია მისი არჩეული ზედაპირის სხვა ნივთით ჩანაცვლება. თუ გსურთ ავეჯის გადარჩენა, მნიშვნელოვანია რომ ბრჭყალების მოწესრიგებას ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ. თუმცა, ამ პროცესს დიდი მოთმინება სჭირდება – პირველ რიგში, თათებზე შეხებას უნდა შეაჩვიოთ და ყოველ ჯერზე დააჯილდოოთ სასუსნავებით. მას შემდეგ, რაც კატა თათებზე შეხებისას წინააღმდეგობას აღარ გაგიწევთ, მაკრატლის გამოყენების დრო დგება – მიეცით საშუალება შეისწავლოს ეს ნივთი, რომ მისი გამოყენება საშიშ, ნეგატიურ გამოცდილებასთან არ ასოცირდებოდეს.

როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ბრჭყალების დაჭრის დრო დადგება, დარწმუნდით, რომ ამისთვის სპეციალურ მაკრატელს იყენებთ. სასურველია თავდაპირველად რამდენჯერმე გრუმერის ან ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთოთ, რომ არ დააზიანოთ ბრჭყალის ფაქიზი, სისხლძარღვოვანი და მგრძნობიარე ნაწილი.

ბრჭყალების რეგულარული მოვლა თავიდან აგაცილებთ ნაკაწრებს, თუმცა რადგან ამ გზით ტერიტორიის მონიშვნას ვეღარ შეძლებს, ალტერნატივა აუცილებლად დასჭირდება – ამისათვის შესთავაზეთ მას სხვადასხვა სახის საფხეკი სათამაშო, მუყაოს ან მსგავსი ზედაპირით. კატების უმრავლესობა უპირატესობას ვერტიკალური ზედაპირის დაკაწვრას ანიჭებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არც ხალიჩის გაბრდღვნაზე ამბობენ უარს. დააკვირდით მის თავისებურებებს და ეცადეთ, საუკეთესო ალტერნატივა შეარჩიოთ თქვენი კატისთვის.

წყარო: How to care for your cat’s claws

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა