ხშირად ვხვდებით ძაღლებს, რომლებსაც არ აქვთ სრულფასოვანი ძილის საშუალება ღამით. მეტიც, ხშირად ისინი დღის მანძილზეც ვერ ახერხებენ სათანადოდ დაძინებას, ეს კი მათ გაღიზიანების, არასასურველი ქცევის და ხშირ შემთხვევაში კბენის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
მოზრდილ ძაღლს დღე-ღამეში 12-14 საათით გამოძინება ესაჭიროება. თუკი ისინი იზიარებენ პატრონის გრაფიკს, 8 საათი ღამის ძილს უნდა დაეთმოს, დანარჩენი კი დღისით. მოზრდილ ძაღლებს გაცილებით მეტი სძინავთ, ვიდრე ლეკვებს, რადგან ისინი უფრო ადვილად იღლებიან. ძაღლები ბავშვებს გვანან – ახალი გარემოს ათვისებისას, ან ახალი ბრძანებების სწავლისას ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ, რისი ანაზღაურებაც სწორედ ძილის საშუალებით უნდა მოხდეს.
ჩვენს მსგავსად, ძილის ნაკლებობა ძაღლებშიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ისინი უფრო მიდრეკილნი ხდებიან გავრცელებული დაავადებებისკენ, რომელთა ადრეული დიაგნოსტიკაც შესაძლებელია, სიმპტომების ცოდნის შემთხვევაში. გარდა ამისა, უძილობა მათ ხასიათზეც აისახება.
საკმარისი ძილი აუცილებელი პირობაა ახალი ინფორმაციის გადამუშავებისა და ბრძანებების სწავლისთვის, აუმჯობესებს მათ მახსოვრობას და კონცენტრაციას.
რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თქვენი ძაღლი შეიძლება სათანადოდ ვერ იძინებდეს:
არაკომფორტული საწოლი
პლასტმასის საწოლი ან მყარი იატაკი არ არის ძაღლის ძილისთვის მოსახერხებელი ადგილი არც ღამის, და არც დღის ადეკვატური მოსვენებისთვის. ცხელ ამინდში ძაღლმა შეიძლება იატაკი აირჩიოს დასასვენებლად, თუმცა მხოლოდ გაგრილების მიზნით. რატომ წვებიან ძაღლები ხშირად თქვენს საწოლში? ეს მხოლოდ მისი რბილი ზედაპირით არაა გამოწვეული. ზრდასრულ, დამოუკიდებელ ძაღლს ცალკე დაძინება ურჩევნია, თუმცა, თქვენს გარემოცვაში. ამიტომ ძაღლების ფსიქოლოგები ხშირად გვირჩევენ რბილი, სტაბილური ზედაპირის მოწყობას იმ სივრცეებში, სადაც დიდ დროს ატარებთ – იქნება ეს სამზარეულო, თუ მისაღები ოთახი.
იატაკის გათბობა
თუკი თქვენ სახლში იატაკის გათბობის სისტემა გაქვთ, ეს ძაღლს დიდ დისკომფორტს და გადახურების საფრთხესაც კი უქმნის. შესაბამისად, კარგი იქნება საწოლი ისეთ სივრცეში მოუწყოთ, სადაც ეს პრობლემა არ შეაწუხებს.
დიდი არჩევანი
თუკი თქვენს ძაღლს არ აძლევთ თქვენს საწოლში ან სხვა რბილ ავეჯზე ძილის უფლებას, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღიური ბრძოლა დივნიდან მის ჩამოსაყვანად, უარყოფითად აისახება ძაღლის ხასიათზე, რომელიც ამ დროს ჩხუბის ნაცვლად, უნდა ისვენებდეს და ეს აგრესიის მიზეზი გახდება.
ადგილმდებარეობა
ძაღლის ერთ-ერთი მოსასვენებელი მაინც უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ხშირად არ დადიხართ, ბავშვები არ თამაშობენ და შედარებით დაცულია სახლის ხმაურისგან. სასურველია ეს ადგილი იყოს შედარებით ბნელი, ან, ფანჯრების შემთხვევაში, მუქი ფარდებით ან ჟალუზით აღჭურვილი. საწოლი არ იყოს ახლოს გათბობის წყაროსთან და მისი ზომა ერგებოდეს ძაღლის პროპორციებს – სრულად შეეძლოს კიდურების გაშლა.
გაღვიძება
ეცადეთ არასდროს შეაწუხოთ მძინარე ძაღლი. თუკი მან თქვენგან მოშორებით დაძინება გადაწყვიტა, მიეცით ამის საშუალება და მოარიდეთ ბავშვებიც. დაე მან თავად გადაწყვიტოს, როდის დაიძინებს და როდის ითამაშებს. ასე მის ნერვულ სისტემას გაუფრთხილდებით.
საყელო
რამდენად კომფორტულია თქვენი ძაღლის საყელო? უმჯობესია ძილის წინ მისი მოხსნა, ხოლო დილით, საუზმის წინ, კვლავ გაკეთება.
როგორც ხედავთ, ძაღლის მშვიდი ძილისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო, რომლებიც პატრონებმა უნდა გავითვალისწინოთ. თქვენ რას დაამატებდით?
სტატია მომზადებულია ჯოანე ჰინდსის – ძაღლების ფსიქოლოგისა და გამოცდილი ბიჰევიორისტის რჩევების მიხედვით.