მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები უპირობოდ ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან, კინოლოგები მსოფლიოს მასშტაბით თანხმდებიან, რომ არსებობს გარკვეული ჯიშები, რომლებიც უფრო ხშირად უქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს. სანამ სტატიის კითხვას განაგრძობთ, აქვე დაგიმსხვრევთ მითს პიტბულების შესახებ – მათ ამ სიაში ვერ ნახავთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ „აგრესიულობა“ პირობითია და ძაღლის ხასიათი დამოკიდებულია მის აღზრდასა და იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება.
მაშ ასე, თუკი უახლესი კვლევების შედეგებს დავეყრდნობით, „აგრესიული“ ჯიშების სია ასე გამოიყურება:
ჩიხუახუა
მომცრო ტანის მიუხედავად, ჩიხუახუა მხოლოდ ერთ პატრონს „აღიარებს“. მისი ტემპერამენტი საკმაოდ მაღალია და შესაძლოა დაემუქროს გარშემომყოფებს, თუკი ჩათვლის, რომ ისინი მის პატრონს საფრთხეს უქმნიან.
ტაქსა
ზომიდან გამომდინარე, ტაქსები ხშირად იტანჯებიან „პატარა ძაღლის სინდრომით“, რაც მათ ქცევით აშლილობებს განაპირობებს. ამ ჯიშის პატრონებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება მის სოციალიზაციას და გაითვალისწინონ, რომ მათ ოთხფეხა მეგობრებს ძალიან არ უყვართ უხეში თამაში.
ჩაუ-ჩაუ
მისი დომინანტური ბუნებიდან გამომდინარე, ჩაუ-ჩაუს ხშირად არ უწევენ რეკომენდაციას მათთვის, ვინც ძაღლის აყვანას პირველად გეგმავს. იმისთვის, რომ თქვენი ჩაუ-ჩაუ კარგი მანერებით გამოირჩეოდეს, სასურველია პროფესიონალის ჩართულობა მის აღზრდაში ადრეული ასაკიდან.
დობერმან პინჩერი
დობერმანები მაღალი ინტელექტის გამო ხშირად არიან ჩართულები საპოლიციო საქმიანობაში. თუმცა, მათ ახასიათებთ ძალიან ძლიერი, დამცავი ინსტინქტი თავიანთი პატრონების მიმართ. გარდა ამისა, მათ აქვთ გამოხატული ლიდერული თვისებები. „მკაცრი“ და სწორი აღზრდის შედეგად, მარტივად შეძლებთ მათი ამ ხასიათის თავისებურებების „გამოსწორებას“.
დალმატინელი
დალმატინელები ძალიან ენერგიულები არიან, და თუკი ენერგიას რეგულარულად ვერ ხარჯავენ, ხშირად „უსაქციელოები“ ხდებიან. ამ ჯიშის პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ ძალიან ბევრი თამაში და სირბილი სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ.
წყარო: PetHelpful.com