fbpx

სწორად უვლით თქვენს ძაღლს?!

თუკი თქვენს ოჯახს უკვე შემოუერთდა ახალი წევრი, ან ახლა გეგმავთ მის აყვანას, აუცილებელია გაეცნოთ იმ ძირითად ინფორმაციას, რაც თქვენი ძაღლის ჯანმრთელობის გარანტია იქნება. გარდა ფიზიკურისა, აუცილებელია მათ ემოციურ მოთხოვნილებებზეც ვიფიქროთ. ძაღლის ყოლა დიდ ბედნიერებასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რომლის შესრულებაც თქვენ გაკისრიათ.

ნაწილი 1 – კვება

შეარჩიეთ ხარისხიანი საკვები. აუცილებალდ გაეცანით ეტიკეტსა და შემადგენლობას – პირველი რამდენიმე ინგრედიენტი ხორცი უნდა იყოს და არა მისი შემცვლელი, ან მარცვლეული. ასე დარწმუნდებით, რომ საკვები შეიცავს ღირებულ პროტეინებს და მხოლოდ დანამატებისგან არ შედგება.

დაეკითხეთ ვეტერინარს, ის დაგეხმარებათ კონკრეტულად თქვენი ძაღლისთვის შესაფერისი საკვების შერჩევაში. ასევე, მოგცემთ რეკომენდაციებს საკვების რაოდენობასთან დაკავშირებით.

დაიცავით კვების გრაფიკი. თანამედროვე გაიდლაინებით, სასურველია თქვენს ძაღლს დღეში ორჯერ აჭამოთ. განსაზღვრეთ სწორად საკვების რაოდენობა, რაც მითითებულია ეტიკეტზე და გაყავით ორად – დილისა და საღამოსთვის. კვების სტაბილური გრაფიკი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვევების გამომუშავებასთანაც – ძირითადად, ჭამის შემდეგ 20-30 წუთში მოგიწევთ მისი გასეირნება.

მოერიდეთ ძაღლისთვის ადამიანის საკვების ან სასუსნავების მიცემას. წონის მატებასთან ერთად, ამან შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სპეციალური სასუსნავები მხოლოდ მისი გაწვრთნისას გამოიყენეთ. განსაკუთრებით მოერიდეთ შოკოლადის, ავოკადოს, პურისა და სხვა ცომეულის, ხახვისა და ყურძნის მიცემას.

წყალი საკვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძაღლს სუფთა სასმელ წყალთან წვდომა მუდმივად უნდა ჰქონდეს. როდესაც ასეირნებთ, ან მგზავრობთ, ყოველთვის გქონდეთ თან ბოთლით სუფთა წყალი თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის. სპეციალური ჯამის ქონა ამაში ძალიან დაგეხმარებათ.

ნაწილი 2 – ჯანმრთელობა

შეარჩიეთ სანდო და გამოცდილი ვეტერინარი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება უპასუხოს თქვენს შეკითხვებს. შერჩევისას, დააკვირდით მის მოპყრობას ძაღლთან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გქონდეთ ინფორმაცია გადაუდებელი ვეტ-კლინიკების შესახებ, რომლებიც 24/7 ხელმისაწვდომია მოულოდნელი შემთხვევებისას.

აუცილებლად აცერით თქვენი ძაღლი – გარდა სავალდებულო აცრებისა, მოიძიეთ ინფორმაცია თქვენს გარშემო გავრცელებული დაავადებების შესახებ და თუ შესაძლებელია, მიიღეთ პრევენციული ზომები. ამით თქვენს ძაღლსაც დაიცავთ, და არც გარშემომყოფებსა და საკუთარ თავს შეუქმნით საფრთხეს.

არ თქვათ უარი ID ჩიპზე. დაჩიპვა სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა ძაღლისთვის. მისი დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, ჩიპი დაგეხმარებათ დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ პატრონი.

დაამუშავეთ თქვენი ძაღლი ანტიიპარაზიტული საშუალებებით რეგულარულად, რათა გამორციხოთ ჭიების მოხვედრა მის ორგანიზმში და კანზე.

ნაწილი 3 – გრუმინგი

დავარცხნა აუცილებელია ყველა ძაღლისთვის. მისი სიხშირე დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე. რეგულარული დავარცხნით თავიდან აირიდებთ ჩახვეულ ბეწვს და კანს მიეცემა სუნთქვის საშუალება.

ყოველთვის უზრუნველყავით ბეწვის სისუფთავე. ბინძურმა ბეწვის საფარმა შესაძლოა კანის ინფექციები გამოიწვიოს. ის, რომ ძაღლის ხშირი დაბანა არ შეიძლება, მითია. ძაღლების უმრავლესობას დაბანა თვეში ერთხელ ესაჭიროება. გრუმინგიგსას აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული შამპუნი. გარდა ბანაობისა, აუცილებელია ბეწვის შეჭრა / გადაპარსვა და რეგულარული ჰიგიენური გრუმინგი. მოკლე ბეწვის შემთხვევაში მცირდება ბალახების აკვრის საფრთხე, ასევე თათებს შორის გაღიზიანება და სხვა დისკომფორტები.

ბრჭყალების სწორი დამუშავება აუცილებელია თქვენი ძაღლისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს რეგულარულად. ეს თავიდან აგარიდებთ სისხლდენას ბრჭყალების დაჭრისას.

ნაწილი 4 – ვარჯიში, სოციალიზაცია, თამაში

აუცილებლად გამოყავით დრო სავარჯიშოდ. ვარჯიშის ტიპი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშზე – პატარა ძაღლები უკეთ ართმევენ თავს ბურთის მოკლე მანძილებიდან მოტანას, ხოლო მაგალითად, ლაბრადორისთვის აუცილებელია ხანგრძლივი სეირნობა, 35-45 წუთი დღეში, რათა საკმარისი ენერგია დახარჯოს. საკმარისი ვარჯიში აუცილებელია ქცევითი აშლილობების პრევენციისთვის, როგორებიცაა ნივთების დაღრღნა, უმიზეზო ყეფა და ა.შ.

გარდა ამისა, აუცილებელია დღეში ორჯერ მოკლე სეირნობა მისი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საკმარისი ვარჯიში და სეირნობა ამცირებს თქვენი ძაღლის სახლიდან გაქცევის შანსსაც.

გონების მასტიმულირებელი ვარჯიშებისას გამოიყენეთ სასუსნავები. ასწავლეთ მას დაჯდომა, თქვენთან მოსვლა და ადგილზე დარჩენა და დააჯილდოვეთ ბრძანების სწორად შესრულების შემთხვევაში. ასე მას ნაკლებად მობეზრდება წვრთნის პროცესი. დაუთმეთ 10-20 წუთი დღეში ახალი ბრძანებების სწავლებას და ეცადეთ, ყოველთვის პოზიტიურ ნოტაზე დაასრულოთ ვარჯიში.

სოციალიზაცია აუცილებელია ნებისმიერი ჯიშის ძაღლისთვის. გააცანით ის სხვადასხვა ადამიანს პატარაობიდანვე, მიეცით საშუალება მოხვდეს სხვადასხვა გარემოში, შეიგრძნოს განსხვავებული სუნები და ხმები. 18 კვირის ასაკისთვის სოციალიზაციის ფანჯარა იხურება. სასურველია სოციალიზაცია ამ ასაკამდე მოასწროთ, რაც თავიდან აგაცილებთ შიშსა და უმიზნო აგრესიის გამოხატვას.

მიეცით თქვენს ძაღლს თამაშის საშუალება, არ შეაწყვეტინოთ მას სუნებსა და ახალ გარემოზე დაკვირვება. გამოიყენეთ საყელო – ეს დაგიცავთ მისი დაკარვის შემთხვევაში ძაღლის თავშესაფარში მოხვედრისაგან, ხოლო თუკი ნომერსაც დააწერთ, მისი სახლში დაბრუნების შანსებს გაზრდით.

არასდროს დასაჯოთ და დაამციროთ ძაღლი. გაითვალისწინეთ, რომ მისთვის სწორად შერჩეული სახელი განსაზღვრავს სხვების დამოკიდებულებას თქვენი ძაღლის მიმართ. ცუდად მოქცევის შემთხვევაში, ეცადეთ გააანალიზოთ მომხდარი და საკუთარ ქცევებშიც ეძებეთ მიზეზები.

ნაწილი 5 – ძილი

დარწმუნდით, რომ თქვენს ძაღლს აქვს კომფორტული გარემო ძილისათვის. გაითვალისწინეთ ამინდის ცვლილება და აღიჭურვეთ შესაბამისი საწოლით ან ტანსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში.

და ბოლოს, აგრძნობინეთ მას სიყვარული და პატივისცემა და მისგანაც აუცილებლად მიიღებთ იმავეს!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა