fbpx

ძაღლი ეზოში – სასარგებლო რჩევები

ძაღლი ეზოში

თუკი აპირებთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ეზოში დაიდოს ბინა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველა ჯიშის ძაღლი ვერ ეგუება გარე საცხოვრებელს, განსაკუთრებით ცივ ამინდში. ეზოში საცხოვრებლად საუკეთესო ჯიშებია ლაბრადორ რეტრივერი, გერმანული, ავსტრალიური და კავკასიური ნაგაზები, ციმბირული ჰასკი, მალამუტი და სხვა გრძელბეწვიანი ძაღლები, რომლებიც კლიმატის მკაცრ პირობებს მარტივად ეგუებიან.

იმისათვის, რომ ძაღლმა ეზოში თავი კომფორტულად იგრძნოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

მწერები – საყურადღებოა განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლოს ტბა ან დაჭაობებული ადგილებია. კოღოებს არა მხოლოდ დისკომფორტის, არამედ დაავადებების გამოწვევაც შეუძლიათ. ამიტომ, სასურველია გაიაროთ ვეტერინართან კონსულტაცია და ანტიპარაზიტული საშუალებები შეარჩიოთ.

მოწამვლის საშიშროება – მდგარი წყალი არა მხოლოდ მწერების კუთხით არის საყურადღებო. მდგარ წყალში გავრცელებულმა მიკრობებმა შესაძლოა თქვენს ძაღლს სერიოზული გასტროენტეროლოგიური პრობლემები შეუქმნას.

მცენარეები – ზოგიერთი მცენარე ძაღლებისთვის მავნეა. ამიტომ, კარგად გაეცანით გარემოს, სადაც თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა უნდა იცხოვროს. გარდა ამისა, ზოგიერთი მცენარე ეკრობა ძაღლის ბეწვს, ან თათებში ერჭობა და დისკომფორტს უქმნის.

კლიმატი – ამინდი ყოველთვის იდეალური არ არის. დარწმუნდით, რომ წვიმისა და თოვლის შემთხვევაში, ძაღლის სახლი არ სველდება შიგნიდან. ძალიან ცივ ამინდში ნუ დატოვებთ გარეთ, ან ჩააცვით შესაბამისი ტანსაცმელი. ხოლო უკიდურეს სიცხეში კი დარწმუნდით, რომ მისთვის საკმარისი წყალი არის ხელმისაწვდომი.

ღობე – ზოგიერთი ძაღლი ნამდვილი გაქცევის ოსტატია! ამიტომ, აუცილებელია შემოღობოთ ტერიტორია ისე, რომ მან გაქცევა ვერ მოახერხოს. მიუხედავად ამისა, სასურველია „ჩიპის“ გამოყენება, რაც დაკარგვის შემთხვევაში დაგეხმარებათ ძაღლის ადგილსამყოფელის დადგენაში.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა აუცილებელია გეგმიური აცრების ჩატარება და რეგულარული გრუმინგი, რადგან ეზოში მცხოვრები ძაღლები გაცილებით დიდ დროს ატარებენ მტვრიან გარემოში. ეს კი, მათი ბეწვისა და კანის ცხიმის საფარზე უარყოფითად აისახება. ასევე, ნუ დააბავთ ძაღლს მთელი დღით, მიეცით მას თავისუფლად მოძრაობის საშუალება. სასურველია, გარეთ ყოფნის მიუხედავად, ხშირად გაასეირნოთ და ანახოთ ახალი ადგილები!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა